English / ქართული / русский /
ელენე ზურაბაშვილი
გლობალიზაციის თანამედროვე ტენდენციები საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში

ანოტაცია. დასაწყისში გლობალიზაცია წმინდა ეკონომიკური შინაარსის ტერმინი იყო. ძალიან სწრაფად ფართო, გლობალური მნიშვნელობა შეიძინა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. გლობალიზაცია ეხმარება ქვეყნების, საერთოდ კაცობრიობის  განვითარებას, მსოფლიო მასშტაბით თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას. საქართველო ძალაუნებურად ჩართულია გლობალიზაციის პროცესში.

გლობალიზაცია  გულისხმობს  ახალი ტიპის თანამედროვე საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებს მსოფლიოში. ის ცივილიზაციის კანონზომიერი განვითარების ბუნებრივი, თანმხლები პროცესია.  თუმცა გარკვეულწილად  მაინც მართვადია, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ  გლობალიზაციის უპირატესობები გამოვიყენოთ ჩვენდა სასიკეთოდ და ამასთან ერთად მაქსიმალურად დავიცვათ თავი მისი უარყოფითი ზემოქმედებისაგან. ის არ ცნობს ეროვნულობას და მისთვის პრიორიტეტულია მხოლოდ უნივერსალური, აბსო­ლუტური ღირებულებები. არ უნდა დავუშვათ ადამიანთა გათანაბრება. უნდა დარჩეს ადგილი აზრთა სხვადასხვაობისთვის,  ამიტომ აუცილებელია, ახალ ეპოქაში გლობალიზაციის თანამედროვე ტენდენციებს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში, ჩვენი ცხოვრების წესს მთლიანად  გადავხედოთ და ბევრი რამ ახლებურად გავიაზროთ. მეცნიერულ-ტექნიკურმა რევოლუციამ გამოიწვია გლობალიზაციის განვითარება, რომელიც არის ცოცხალი, დინამიკური და მიმდინარე პროცესი.

საკვანძო სიტყვები: გლობალიზაცია, ეკონომიკა, კულტურა, დამწერლობა, ეროვნულობა. 

XXI საუკუნეს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ გლობალიზაციის საუკუნე, თუმცა გლობალიზაციის საფუძვლები, ალბათ, იქ უნდა ვეძებოთ, სადაც კაცობრიობა იწყება. გლობალიზაცია მსოფლიო მოვლენად იქცა.   სწორედ  XX-XXI საუკუნეების გასაყარზე  მიიღო ამ მოვლენამ  საკაცობრიო მნიშვნელობა. გლობალიზაცია აღარ წარმოადგენს მხოლოდ ეკონომიკურ ფენომენს. პოლიტიკა, კულტურა, ეკოლოგია – ეს ის სფეროებია,  სადაც გლობალიზაციამ ყველაზე უფრო მეტად გამოხატული ფორმები მიიღო, ხოლო ტექნიკის განვითარებამ კიდევ უფრო დააჩქარა, გააღრმავა ეს პროცესი და ამავდროულად შეუქცევადი გახადა.

თუ დასაწყისში გლობალიზაცია წმინდა ეკონომიკური შინაარსის ტერმინი იყო, ძალიან სწრაფად ფართო, გლობალური მნიშვნელობა შეიძინა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა (პოლიტიკა, სოციალური მხარე, კულტურა, მენტალიტეტი). იგი გაერთიანების, შერწყმის სინონიმად იქცა. გლობალური მსოფლიო გულისხმობს ზეტერიტორიულ და ზენაციონალურ სამყაროს, სადაც სახელმწიფოებრივი საზღვრები არავითარ როლს არ უნდა თამაშობდეს. მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობები და გლობალური ურთიერთობები შესაძლებელია თანაარსებობდეს და დღევანდელი მსოფლიოც ერთდროულად არის ინტერნაციონალიზებულიც და გლობალიზებულიც [1].

თ. საბედაშვილი აღნიშნავს, რომ შეუძლებელია გლობალიზაციის შეჩერება ან შეწყვეტა, შესაძლებელია მხოლოდ მისი შეცვლა ისე, რომ იგი სოციალურად ორიენტირებული და მაქსიმალურად ჰუმანური ანუ ადამიანებისთვის სარგებლის მომტანი იყოს [2].

გლობალიზაცია ეხმარება ქვეყნების, საერთოდ კაცობრიობის  განვითარებას, მსოფლიო მასშტაბით თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას, თანამედროვე ტენდენციების საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობას.  რა თქმა უნდა, ის დიდ სიკეთეს მოუტანს საქართველოსაც, ხელს შეუწყობს იმ დახურული სივრციდან გასვლაში, რომელიც ასწლეულების განმავლობაში აშორებდა პროგრესულ პროცესებს, უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას და დემოკრატიული გზით განვითარებას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებთ გლობალიზაციის სიკეთეს, რისკის ფაქტორიც არსებობს.  არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალიზაცია გასასამარ­თლებელი საბუთი გახდეს პროცესებისა, რომელსაც თან ახლავს კულტურების ნიველირება. უნდა დარჩეს  ადგილი აზრთა სხვადასხვაობისთვის. გათვალისწინებული უნდა იქნეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ადამიანის უფლებისადმი პატივისცემა ის ქმედითი ნორმაა, რომელიც საჭიროა პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური და საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვისათვის. გლობალიზაცია ზეეროვნული საერთაშორისო ინტეგრაციის პროცესია.

საქართველო ძალაუნებურად ჩართულია გლობალიზაციის პროცესში, რომელიც უნდა იყოს  ჰუმანური და  არა დამანგრეველი ძალა. გლობალიზაცია  გულისხმობს  ახალი ტიპის მსოფლიოს. ის თანამედროვე ცივილიზაციის კანონზომიერი განვითარების ბუნებრივი, თანმხლები პროცესია და მომავალში კიდევ უფრო მძლავრად განვითარდება, რადგანაც ყოვლისმომცველი მოვლენაა,  თუმცა გარკვეულ ფარგლებში მაინც მართვადია. ამიტომ  გლობალიზაციის უპირატესობები გამოვიყენოთ ჩვენდა სასიკეთოდ და ამასთან ერთად მაქსიმალურად დავიცვათ თავი მისი უარყოფითი ზემოქმედებისაგან – ის არ ცნობს ეროვნულობას და მისთვის პრიორიტეტულია მხოლოდ და მხოლოდ უნივერსალური, აბსოლუტური ღირებულებები. ყოველგვარი სხვა ფასეულობა – კულტურული და ცივილიზაციური განსხვავებები, ლოკალური, ეროვნული თავისე­ბურებები, მისთვის მეორეხარისხოვანია. გლობალიზაცია მსოფლიოს ერთფეროვნებას, ხალხთა ტრადიციების წაშლას მოასწავებს, ზრდის კულტურათა და ეროვნებათა ნიველირებისა და საბოლოო ჯამში, მათი გადაშენების ალბათობას.  სწორედ ამიტომ ჩვენთვის წინა პლანზე უნდა იდგეს ეროვნულობა; ჩვენ სწორედ ჩვენი ტრადიციებით ვფასობთ. მსოფლიოს აღფრთოვანებს ჩვენი სიმღერაც და ცეკვაც, სწორედ იმიტომ, რომ ქართულია. საქართველომ საუკუნეების ქარტეხილს გაუძლო და  არ გვაქვს იმის უფლება, რომ “სისხლით დაცული” ერი დღეს, უკვე XXI საუკუნეში, განადგურდეს.  ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მამული, ენა, სარწმუნოება, ტრადიციები, ფოლკლორი, საერთოდ ჩვენი კულტურა. ე.ი. ეროვნულობა და ამ თავისებურებებითა და კოლორიტით შევიდეთ მსოფლიო თანამეგობრობაში.          

გლობალიზაცია ხელს უწყობს   გლობალური ფენომენის დამკვიდრებას, კერძოდ,  თანამედროვე ტენდენციების საერთაშორისო ეკონომიკურ ერთიერთობებს, რომლისთვისაც საზღვრები არ არსებობს; კულტურას, რომლის უნიფიკაციაც ხდება; პოლიტიკას, რომელიც საერთო სტანდარტებს ექვემდებარება და, რაც მთავარია, ადამიანს, რომელიც მრავალ ენაზე მეტყველებს და ამ გლობალური პროდუქტის ნაწილს წარმოადგენს. პატარა ქვეყნები ამ დიდი თამაშის ის მონაწილენი არიან, რომელთაც ყველაზე ნაკლებად ხელეწიფებათ ამ მოვლენებზე ზემოქმედება. გლობალიზაციის ყველაზე აქტიური ხელშემწყობი, გარდა მსოფლიო იდეოლოგიისა, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციაა. აუცილებელია მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი და ამავე დროს ეროვნული სახის შენარჩუნება.

ქართველებს არ დაუკარგავთ ადათ-წესები, ზნე-ჩვეულებები, ხელოვნება, სიტყვიერება, მეცნიერება, მუსიკა.  ქართველთა ეროვნული ცნობიერება ჩამოყალიბდა  მტრულ გარემოცვაში, ამიტომაც წინაპრები თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ   ეროვნულ კუთვნილებას, ანუ ქართვე­ლობას, თავიანთ წარმომავლობას, ენას, ეროვნულ ცნობიერებას და  ნიშან-თვისებებს, ზნე-ჩვეულებებსა და ტრადიციებს,  მართლმადიდებლობას; ცდილობდნენ, შეენარჩუნებინათ ნაციონალური სიწმინდე. მათ კარგად იცოდნენ, რომ ენის, ტერიტორიისა თუ სარწმუნოების დათმობა ერის სიკვდილს ნიშნავდა.

პატარა, განვითარებადი ქვეყნები, სადაც საბაზრო ეკონომიკა გამართულად ვერც კი ფუნქციონირებს, განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ამ მოვლენის წინაშე.  ხშირ შემთხვევაში ეს ქვეყნები არსებობის საუკუნოვანი ტრადიციებით ამაყობენ.

ქართულმა კულტურამ, ქართულმა ხელოვნებამ დიდებულად გამოხატა სამშობლოს სიყვარულის თემა, რწმენისა და მამულისადმი ერთგულება, ანუ პატრიოტიზმი. ქართველი კაცის ისტორია მიწის დაცვისთვის   ბრძოლის  ისტორიაა, რჯულის დაცვა კი ქართველთა თვისებაა.

რაც უფრო კულტურულია ერი, მით უფრო დახვეწილია ზნე-ჩვეულებანი. ქართველები, უძველესი კულტურის ერია. ადათ-წესებისა და ზნე-ჩვეულებათა განსაკუთრებულობა განაპირობა ქართველი ერის ცხოვრების წესმა და გეოგრაფიულმა პირობებმა. საქართველოს ისტორია მშობლიური მიწის დაცვასთან არის დაკავშირებული.

XXI საუკუნეში, ეკონომიკური სარგებლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, აუცილებელი შეიქნა მრავალი ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაცია, ერთგვაროვანი პოლიტიკური მმართველობის დემოკრატიული ღირებულებით. ამ პროექტის რეალიზაციამ შესაძლებელი გახადა ნაციონალური კორპორაციების გარდაქმნა ტრანსნაციონალურ კორპორაციებად, რამაც თავის მხრივ მოითხოვა ერთიანი საინფორმაციო ველის შექმნა. ამას მოჰყვა მასობრივი კომუნიკაციების  არნახული აღმავლობა, რაც ინტერნეტის თითქმის ყოვლისშემძლეობით დაგვირგვინდა. ამ პროცესებს დიდ წინააღმდეგობას უწევდა კომუნისტური საბჭოთა იმპერია, რომელიც თავად გახდა გლობალიზაციის პირველი მსხვერპლი.    

ბიოპოლარული სამყაროს რღვევის შემდეგ მსოფლიო თანდათანობით პოლიტიკურად ჰომოგენური გახდა. ამ მოვლენების ფონზე კულტურათა შორის განსხვავება მოიაზრება თანამედროვე მსოფლიოს მთავარ წინააღმდეგობად. მსოფლიოში მიმდინარე პროცესები მრავალი ინტელექტუალის განსჯის საგანია, მათგან გამოვყოთ ორი თვალსაზრისი, რომელიც არსებითად წარმოადგენს განსხვავებულ  მიდგომათა ძირითად პრინციპს.

თანამედროვე ამერიკელი მოაზროვნის, ფ. ფუკოიამას მიხედვით პოსტკომუნისტური ეპოქის დადგომით აშკარა ხდება ისტორიის დასასრული. ფუკოიამა მიიჩნევს, რომ მსოფლიო ისტორია თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და თანამედროვე მსოფლიო წარმოიდგინა ერთიან საზოგადოებად. ხდება სხვადასხვა საზოგადოების გაერთგვაროვნება. ნაციონალურის  ნიველირება და ერთიანი მსოფლიო საზოგადოების ჩამოყალიბება მოასწავებს ისტორიის დასასრულს, სადაც ძირეული ცვლილებები აღარ განხორციელდება [3].

ასევე განსხვავებულ თვალსაზრის ავითარებს ამერიკელი მოაზროვნე ს. ჰანთინგთონი. მისი აზრით, თანამედროვე ეტაპზე იდეოლოგიურ წინააღმდეგობას ჩაენაცვლება კულტურათა დაპირისპირება. წარმოიქმნება კონფლიქტები ცივილიზაციათა შორის. დღეს საუბარია არა ქვეყნებს შორის ომებზე, არამედ კულტურათა შორის ომებზე [4].

გლობალიზაციას მივყავართ იქამდე, რომ ჩნდება მსოფლიოს როგორც ერთიანი მთელის გაგება. გლობალიზაციის ძირითადი მახასიათებელია ლიბერალურ დემოკრატიული ღირებულებების ექსტრაპოლაცია დედამიწის უკლებლივ ყველა რეგიონზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და ა.შ. სისტემები იდენტური ხდებიან. ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულება არნახულ მაშტაბებს იძენს, ხალხები და კულტურა აქამდე არასოდეს ყოფილან ასე ერთმანეთზე დამოკიდებული. ამას ხშირად უარყოფითი შედეგებიც მოჰყვება. მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შექმნილი პრობლემები, მყისვე აისახება დანარჩენ ქვეყნებზე. ეს კარგად გამოჩნდა ბოლო წლების ეკონომიკური კრიზისის დროს. ამერიკის ბირჟებზე დაწყებულმა კრიზისმა უცებ მთელი მსოფლიო მოიცვა, იზარალა უამრავმა ბანკმა თუ საწარმომ, ასი ათასობით ადამიანმა დაკარგა სამსახური.

თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკური ტენდენციები საერთაშორისო ურთიერთობის გლობალურ ხასიათს ატარებს,  ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები გვიწინას­წარმეტყველებენ, რომ შესაძლოა მომავალში საერთოდ აღარ იარსებონ ქვეყნებმა, როგორც ნაციონალურმა სახელმწიფოებმა, რაც ჩვენთვის ძალიან ძნელი წარმოსადგენია. დღეს პიროვნების, ინდივიდის უმნიშვნელოვანესი საიდენფიკაციო ნიშანი სწორედ ისაა, თუ რომელ ქვეყანას, რომელ ნაციას მიეკუთვნები. პროგნოზების მიხედვით კი მომავალში გადამწყვეტი იქნება მხოლოდ ის, თუ რომელ კორპორაციაში ვიმუშავებთ. ადამიანი თავის თავს გაგვაცნობს არა ასე – “მე გერმანელი ვარ”, “მე ამერიკელი ვარ”, არამედ “მე გუგლის”  თანამშრომელი ან “მე   მაიკროსოფტის”  თანამშრომელი ვარ.

ალბათ, ნაციონალიზმი დაყვანილი იქნება მინიმალურ ზღვარზე, რომელიც თითქმის არ იარსებებს. ეროვნულ თვითცნობიერებაზე უარის თქმა მოასწავებს მეხსიერების წყვეტას, ისტორიის დავიწყებას და ამდენად საკუთარი მეობის გაუქმებას. ეს არის ერთ-ერთი ვერსია, საითაც მივყავართ ტოტალურ გლობალიზაციას, რაც ცოტა უტოპიურად, მაგრამ ამასთანვე თეორიულად შესაძლებლად მიმაჩნია. განსაკუთრებით იმ ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვე მომხმარებლური ტიპის საზოგადოების სრული უმრავლესობა ორიენტირებულია მხოლოდ მატერიალურ ღირებულებებზე. “ყოფნაზე” მნიშვნელოვანი გახდა “ქონა”. ჩვენ იმისათვის კი აღარ ვცხოვრობთ, რომ “ვიყოთ”, არამედ იმისათვის რომ “გვქონდეს”. ეს ყველა სფერო ცივილიზაციამ და ტექნიკურმა განვითარებამ მოიტანა. თვალსაჩინოა ჩვენი საზოგადოების სულიერი და სოცია­ლური კულტურის კრიზისი. თანამედროვე ადამიანისთვის მთავარი ნივთი და კომფორტია. ასეთი ადამიანი უკვე სხვა ადამიანსაც ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად საჭირო საშუალებად მიიჩნევს და უყურებს  როგორც ნივთს. ი. კანტის ფილოსოფიაში, ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს “მიზანი” და არა “საშუალება”.

 ნაციონალური კულტურების დაკნინება იწვევს მშობლიური ენის ფუნქციის დაკნინებასაც. წარმატებული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება მოითხოვს ინფორმაციული გაცვლის დროულ განხორციელებას ერთ ენაზე. ასეთი ენა გლობალიზაციის პროცესებისათვის ინგლისურია. ეს მაშინ, როცა კონკრეტული ინდივიდი, საზოგადოება, ეთნოსი ენასთან, როგორც ნაციონალური კულტურის ღერძთან, ახდენს თვითიდენტიფიკაციას. მისი უგულებელყოფა, მისი არეალის შემცირებაც კი მტკივნეულად აღიქმება.

ცნობილია, რომ ენის განვითარების შესაბამის ეტაპზე ახალი შინაარსის გამოსახატავად აუცილებელია  ახალი სიტყვის შექმნა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება მაშინ, როცა ენა რომელიმე ახალი დარგის ტერმინოლოგიას ამკვიდრებს. მაგალითად, დენი, ძაბვა, სინჯი, ნათურა და სხვა. ამგვარად, ნეოლოგიზმების მნიშვნელოვანი ნაწილი იქმნება მშობლიური ენის სიტყვაწარმოებითი შესაძლებლობების გამოყენებით. თანამედროვე სალიტერატურო ქართულში განსაკუთრებით ინტენსიურად იჭრება საერთაშორისო და სამართლებრივ ურთიერთობებთან, ინფორმატიკასა და უახლეს კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ნეოლოგიზმები. მაგალითად, გასული საუკუნის ბოლოს  ქართულ ენაში შემოვიდა ისეთი უცხოური სიტყვები, როგორიცაა: დისკი, რეიტინგი, იმიჯი, კურსორი, პლეიერი, ფაილი, თინეიჯერი და სხვა.

ნეოლოგიზმების გააქტიურება ენაში უშუალოდ უკავშირდება ბარბარიზმების პრობლემას. ბარბარიზმი აღნიშნავს ამა თუ იმ ენაში გაუმართლებლად, “ბარბაროსულად” შემოჭრილ სიტყვას. გასულ სუკუნეში რუსულის გავლენით ვრცელდებოდა სიტყვები: პოლი, სტოლი, ბოჩკა, სპიჩკა  და ა. შ., მაგრამ ის ერთი ენის ლექსიკას არ განეკუთვნება. ბარბარიზმია ყოველი უცხო სიტყვა, რომლის საჭიროებაც ენაში არ არსებობს, ანუ შესაბამისი შინაარსის სიტყვა მას უკვე მოეპოვება, მაგ., მეგობარს  “ლაითად” შეურაცხყოფა მიაყენა; გუშინ  “შოპინგზე” ვიყავი. . .

ნათელია, რომ ამგვარი ტენდენციები არა მხოლოდ აღარიბებს სალიტერაურო ენას, არამედ საფუძვლიანად არღვევს უკვე განმტკიცებულ ენობრივ სისტემებს და უქმნის სერიოზულ საფრთხეს საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებულ ერთ-ერთ მთავარ კულტურულ მემკვიდრეობას. ქართული ენა, როგორც მრავალი სხვა, განიცდის ამერიკანიზაციას. ამის მიზეზი სოციალურ-პოლიტიკური სფეროა. თუ ენის ხერხემალი მტკიცეა, ლექსიკური ნასესხობები მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს (საჭირო ნასესხობანი და არა უსარგებლო ან ზიანის მომტანი ბარბარიზმები). ამიტომაც არის აუცილებელი განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს თანამედროვე სალიტერატურო ენის განვითარების პროცესს. ენა უნდა დავიცვათ უცხოენოვანი სიტყვების მოძალებისაგან.

 დასკვნა

სამყაროში შეუძლებელია გლობალიზაციის შეჩერება, რადგან ეს პროგრესული პროცესია და ხელს უწყობს მსოფლიოში თანამედროვე ტენდენციების საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას; ეხმარება დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას და  უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას. ამავე დროს გლიბალიზაცია განიხილება, როგორც ნეგატიური პროცესი, რომელიც ემუქრება ეროვნულ პრიორიტეტს. არ უნდა დავუშვათ ადამიანთა გათანაბრება, უნდა დარჩეს ადგილი აზრთა სხვადასხვაობისთვის. წარმოუდგენელა მსოფლიო პატარა ერების გარეშე.   

თანამედროვე სამყაროში მოვლენები სინათლის სისწრაფით ვითარდება. ყოველ ათწლეულში იმ  მასშტაბის ცვლილებებია, რაც ძველად შეიძლება საუკუნის განმავლობაში არ მომხდარიყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალი ტექნოლოგიების გამოგონება ჩვენს ცხოვრებაში იწვევს გარდაუვალ ცვლილებებს. ამიტომ აუცილებელია, ახალ ეპოქაში, ჩვენი ცხოვრების წესს მთლიანად გადავხედოთ და ბევრი რამ ახლებურად გავიაზროთ. მეცნიერულ-ტექნიკურმა რევოლუციამ გამოიწვია გლობალიზაციის განვითარება, რომელიც   არის ცოცხალი, დინამიკური და მიმდინარე პროცესი. მისი უპირატესობები გამოვიყენოთ ჩვენდა სასიკეთოდ და მასთან ერთად მაქსიმალურად დავიცვათ თავი  უარყოფითი ზემოქმედებისაგან. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. კულტურათაშორისი კომუნიკაციები,  № 3,   გამომცემლობა „უნივერსალი“, თბ.,  2008,   გვ. 7.
  2. Source: საბედაშვილი თამარ. ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის,  თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006,  112 გვ. 
  3. ფუკოიამა ფ., ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი, თბ. 1992,  გვ. 18.
  4. ჰანთინგტონი ს., ცივილიზაციათა შეჯახება, თბ.,  1993,  გვ 55.